გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ჭანტურია გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. რუსთავის საქალაქო სასამართლოს განცხადებით, საქმის სირთულიდან და მოცულობიდან გამომდინარე, ვინაიდან მხარეებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი ბრალდებულის პატიმრობისთვის განსაზღვრული საერთო ვადა 9 თვე, ჭანტურიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეიცვალა. როგორც სასამართლო განმარტავს, იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე კვლავ მიმდინარეობს განხილვები და ბრალდებულის მხრიდან ჯერ კიდევ არსებობს საფრთხე თავი აარიდოს სასამართლოში გამოცხადებას, ჭანტურიას დაევალა პასპორტის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის პროცესის მწარმოებელ ორგანოში ჩაბარება, დანიშნულ დროს ან გამოძახებისთანავე სასამართლოში გამოცხადება, ამასთან აეკრძალა საცხოვრებელი ადგილის დატოვება 22:00 საათიდან 07:00 საათამდე.