ვლადივოსტოკში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი შეხვედრას მართავენ.
ორი ქვეყნის ლიდერი კორეის ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებას, რეგიონალური თანამშრომლობისა და ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხებს განიხილავენ. პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის რუსეთში ვიზიტი ხელს შეუწყობს კორეის ნახევარკუნძულზე ვითარების დარეგულირებას. ის ასევე მიესალმა ფხენიანის ძალისხმევას სამხრეთ კორეასა და აშშ-სთან ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით.
"დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ვიზიტი რუსეთში ხელს შეუწყობს ორმხრივ ურთიერთობებს და საშუალებას მოგვცემს უკეთ გავიგოთ თუ როგორ შეგვიძლია კორეის ნახევარკუნძულზე არსებული სიტუაციის მოგვარება", - განაცხადა პუტინმა.
თავის მხრივ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა ხელს შეუწყობს კორეის ნახევარკუნძულზე სიტუაციის ნორმალიზებას.
"იმედი მაქვს, რომ ჩვენი შეხვედრა სასარგებლო იქნება ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებისთვის. კორეის ნახევარკუნძულზე სიტუაცია მსოფლიო თანამეგობრობის ინტერესს იწვევს. იმედი მაქვს, ჩვენი მოლაპარაკებების შედეგად არსებულ სიტუაციას უკეთ შევაფასებთ", - დასძინა მან.
კიმ ჩენ ინი რუსეთში გუშინ ჩავიდა.