ახალი ზელანდია და საფრანგეთი ტექნოლოგიურ კომპანიებთან ერთად შეეცდებიან, რომ სოციალური მედია ტერორიზმის და ექსტრემიზმის წახალისებისთვის აღარ იქნეს გამოყენებული. როგორც ახალი ზელანდიის პრემიერ მინისტრმა ჯასინდა არდერნმა განაცხადა, 15 მაისს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრას გამართავს, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პირველი პირი შეეცდება მსოფლიო ლიდერების და ტექნოლოგიური კომპანიების დათანხმებას იმ ზომებზე, რაც აუცილებელია ინტერნეტში ტერორიზმის და ძალადობრივი კონტენტის აღმოფხვრისთვის.
შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც გასულ თვეს ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩში ახალგაზრდა მამაკაცმა მასობრივი თავდასხმა განახორციელა მეჩეთებზე და იგი პირდაპირ ეთერში ფეისბუქის საშუალებით გადასცა, სოციალური მედია კრიტიკის საგანი გახდა. ფეისბუქმა მოგვიანებით აიღო ტერორიზმის ამსახველი ვიდეომასალა, თუმცა, იგი ათასობით ადამიანმა იხილა. მსგავსი შემთხვევის თავიდან ასაცილებლად სოციალურ ქსელებს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მოუწევთ.