მიმდინარე წელს "საქსტატი" საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგიის გადახედვას არ გამორიცხავს. "საქსტატის" აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის განცხადებით, აღნიშნული მაჩვენებელი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავდა და სწორედ ამ უწყებასთან კომუნიკაციას აპირებს "საქსტატი" მეთოდოლოგიის ცვლილებასთან დაკავშირებით. თოდრაძე მოსალოდნელ ცვლილებებს შორის სასურსათო კალათის შემადგენლობის გადახედვას ასახელებს. ცნობისთვის, საარსებო მინიმუმს „საქსტატი“ მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. სასურსათო კალათას უწოდებენ პროდუქტების ერთობლიობას, რომელიც, „საქსტატის“ თანახმად, შეიცავს ადამიანისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების - კალორიების, ცხიმების, ცილების და ნახშირწყლების რაოდენობას. ამჟამად სასურსათო კალათაში 40 პროდუქტია შეტანილი, დაწყებული ხორბლის პურით, დასრულებული ჩაით. ამ პროდუქტების წონები ისეა გადანაწილებული, რომ ადამიანს დღიურად 2 ათას 300 კილოკალორია გამოუვიდეს.