საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც მონაწილეობს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში. ვიზიტის პირველ დღეს, გაიმართა მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები. ივანე მაჭავარიანი შეხვდა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, სირილ მიულერსა და ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, კოენ დევიდს. მხარეებმა განიხილეს მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა განათლების სფეროში დაგეგმილ მასშტაბურ რეფორმაზე. მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები მიესალმნენ მთავრობის ამ ინიციატივას და გამოთქვეს მზადყოფნა, ჩაერთონ რეფორმის განხორციელების პროცესში არა მხოლოდ ფინანსური დახმარების კომპონენტში, არამედ ცოდნის გაზიარებისა და ექსპერტების ჩართულობის მიმართულებით.