იაპონიის ქალაქ საიტამაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში დასრულდა ვაჟთა ტურნირის მოკლე პროგრამა, რომელშიც მონაწილეობა ქართველმა მორის ყვითელაშვილმაც მიიღო და მე-12 შედეგი დააფიქსირა, შესაბამისად, ქართველი ძალებს ფინალშიც სცდის. ყვითელაშვილმა უკანასკნელი გამოსვლისთვის 82.67 ქულა მიიღო და ევროპელ სპორტსმენთა შორის მე-6 მაჩვენებელი ჰქონდა. მოკლე პროგრამის შემდეგ ლიდერი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ნათან ჩენი გახლავთ 107.40 ქულით, შემდეგ კი ასევე ამერიკელი ჯეისონ ბრაუნი და ორგზის მსოფლიო და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი იაპონელი იუძურუ ჰანიუ მოდიან.