მწვადი ყველასათვის საყვარელი საჭმელია, მას მთელი წლის განმავლობაში მიირთმევენ, თუმცა მწვადის სეზონი გაზაფხულია, მაშინ როცა აქტუალურია პიკნიკზე და ლაშქრობებში სიარული. მწვადი კავკასიური კერძია, თუმცა მას ჯერ კიდევ პირველყოფილი ადამიანები მიირთმევდნენ, რადგან მათი ძირითადი საკვები ცეცხლზე მომზადებული ნანადირევი ხორცი იყო. მწვადში საფრთხეს პოლიარომატული ნახშირწყლები წარმოადგენს, რომელიც ხორცში მაღალი ტემპერატურის დროს წარმოიქმნება, მისი შეწვისას ცხიმი ეწვეთება ნახშირს, დამწვარი ცხიმისა და ნახშირის კვამლი ისეთივე კანცეროგენულია, როგორც მანქანის გამონაბოლქვი. ამიტომ მწვადის მირთმევისას საფრთხე ექმნებათ არამხოლოდ მათ, ვინც ამ პროდუქტს მიირთმევს, არამედ მათაც, ვინც წვავს მწვადს, რადგან ყოველი შესუნთქული ასეთი კვამლი, საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.
ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ნაკვერჩხალზე შემწვარ ცხიმიან მწვადში, თითქმის ორჯერ მეტი კანცეროგენებია, ვიდრე უმად შებოლილ ძეხვში. მიუხედავად კანცეროგენული თვისებებისა, რომელმაც შესაძლოა კუჭ-ნაწლავის, სანაღვლე გზებისა და კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო გამოიწვიოს, მაინც ძნელია მწვადზე უარის თქმა. ამიტომ მწვადის შეწვისას აუცილებელია გაითვალისწინოთ რჩევები იმისთვის, რომ ამ გემრიელმა კერძმა, თქვენი ჯანმრთელობა არ დააზიანოს.
ნახშირზე მწვადი მალე იწვება, მისი შეწვისას გარეთა ფენის ტემპერატურა 150 გრადუსია, შიგნითა ფენის ტემპერატურა სიღმის მიხედვით იკლებს, თუმცა თუ მწვადი მაღალ ცეცხლზეა, შესაძლოა გარედან ისე დაიწვას, რომ შიგნიდან ვერც კი მოასწროს შეწვა. ამიტომ გაითვალისწინეთ! მწვადის შეწვისას არ უნდა იყოს ცეცხლი და ნაკვერჩხალი არ უნდა იყოს გავარვარებული, მკვეთრი წითელი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ შამფური ხშირად ატრიალოთ, რადგან რაც უფრო მეტი აქვს გარედან მწვადს შავი, დამწვარი ნაწილები, მით უფრო კანცეროგენულია ის. არსებობს მწვადი შეწვის სხვადასხვა მეთოდიც, მაგალითად შეგიძლიათ მწვადი ფქვილში ამოავლოთ, და ნაკვერჩხლზე შეწვათ. შემწვარი ხორცის ნაჭრებს მარტივად მოძვრება გარეთა ფქვილიანი გარსი, შიგნითა ფენა კი უსაფრთხო და გემრიელი იქნება. ასევე შეგიძლიათ მწვადი შავ, უალკოჰოლო ლუდში დააბასთურმოთ. ასეთი მწვადი ძალიან სწრაფად იწვება და მცირეა იმის შანსი, რომ გარედან დაიწვას. უმჯობესია, თუკი დასაბასთურმებლად არ გამოიყენებთ ძმარს, ღვინოს და სხვა ალკოჰოლურ სასმელებს.