გურიაში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების პირველი ეტაპი დაიწყო. მავნებლის იდენტიფიკაციისა და გავრცელების არეალის დადგენის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფები და ფიტოსანიტარები ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების სოფლებში საკარმიდამო ტერიტორიებს ათვალიერებენ და მავნებლის რაოდენობას სწავლობენ. ღონისძიებებში გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია და საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა შალამბერიძე არიან ჩართულები. როგორც ადგილობრივებთან საუბრისას ლაშა შალამბერიძემ განაცხადა, მავნებელთან ბრძოლისას მნიშვნელოვანია მისი გავრცელების არეალის დროული იდენტიფიცირება, რაც მონიტორინგის შედეგებით განისაზღვრება. მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, შეხვედრები ღონისძიებების პარალელურად სისტემატურ რეჟიმში გაგრძელდება.