საქართველოს ფინანსთა სამინისტრო შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრის“ მფლობელის, ვასილ სოფრომაძის მიერ სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება. უწყების განცხადების მიხედვით, მოკვლევის პერიოდში, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი მზადაა, კონკრეტული ინციდენტების არსებობის შემთხვევაში, გაეცნოს შესაბამის ვიდეომასალას და მასალები რეაგირებისთვის გადასცეს ძალოვან უწყებებს. შეგახსენებთ, რომ კომპანია „ფრესკოს“ დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა ვასილ სოფრომაძემ პოლიტიკოსებს მიმართა. ვიდეომიმართვაში სოფრომაძე ბიზნესისადმი ხელისუფლების დამოკიდებულებას მწვავედ აკრიტიკებს და პოლიტიკოსებს გონზე მოსვლისკენ მოუწოდებს. მისივე თქმით, ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლები მისი მაღაზიიდან პროდუქციასაც იპარავენ და ამის ამსახველი ვიდეომასალაც არსებობს.