ალერგიული რეაქციები, მათ შორის ატოპიური დერმატიტი, ჩვეულებრივ, აღმოცენდება მაშინ, როდესაც T-ლიმფოციტები, ტრანსფორმირდებიან ბოროტ "ორეულებად", რომლებიც შედარებით უსაფრთხო ნივთიერებებზეც იწყებენ რეაგირებას. მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ T-ლიმფოციტების ტრანსფორმაციაში მთავარ როლს თამაშობს ნატრიუმისა და ქლორის იონების სიჭარბე სისხლში. უჯრედულ კულტურებთან მუშაობისას მათ აღმოაჩინეს, რომ მარილის მაღალი კონცენტრაციის პირობებში T-ლიმფოციტები გარდაიქმნებიან Th2 უჯრედებად, რომლებიც გამოიმუშავებენ სხვადასხვა ინტერლეიკინებს და აძლიერებენ ანტისხეულების პროდუქციას, რაც საფუძვლად ედება ალერგიულ რეაქციას.მეცნიერებმა ისიც გაარკვიეს, რომ თუ ეს ტრანსფორმირებული უჯრედები ხელმეორედ მოექცევა ნატრიუმის ქლორიდის დაბალი კონცენტრაციის პირობებში, შესაძლოა მათი პირვანდელი სახის დაბრუნება. პირდაპირი კავშირი "მარილიანობასა" და ალერგიული რეაქციისადმი წინასწარგანწყობას შორის, ატოპიური დერმატიტით დაავადებული პაციენტების მაგალითზე შეისწავლეს. პაციენტთა კანი პრაქტიკულად გაჯერებული იყო მარილით, დაზიანებულ უბნებში ნატრიუმის კონცენტრაცია 30-ჯერ აღემატებოდა კანის ჯანმრთელ უბნებში აღრიცხულ მაჩვენებელს. მეცნიერები ჯერ კიდევ ვერ ასაბუთებენ, როგორ მოხვდა მარილი კანის დაზიანებულ უბნებში, თუმცა ეს მეტად საყურადღებო ფაქტია ატოპიური დერმატიტის პრობლემით დაინტერესებული სპეციალისტებისთვის.