თბილისის მერია ვაჟა-ფშაველას გამზირის რეაბილიტაციას გეგმავს. გამზირის რეაბილიტაციის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადდა. სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 19 თებერვალს დაიწყება და 22 თებერვალს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 90 ათასი ლარია.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, გამზირზე გზის საფარი ამორტიზებულია, შეიმჩნევა ორმოები, ჯდენები, გრძივი და განივი ბზარები. ამასთან, საპროექტო გზის გრძივი და განივი პროფილები ნორმებს არ შეესაბამება. მომსახურების მიწოდება კი მიზნად ისახავს სარეაბილიტაციო გზაზე ორფენიანი საგზაო სამოსის გათვალისწინებით არსებული საავტომობილო გზის რეკონსტრუქციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას.