რაჭასა და სამცხე-ჯავახეთში ეროვნული პარკები მოეწყობა. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტშია აღნიშნული, რომლის განხილვაც პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.
კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, ონის მუნიციპალიტეტში, 64 ათას 164 ჰექტარ ტერიტორიაზე იქნება ახალი დაცული ტერიტორია - რაჭის ეროვნული პარკი. ხოლო სამცხე-ჯავახეთში ახალი დაცული ტერიტორია - ერუშეთის ეროვნული პარკი 11 ათას 680 ჰექტარ ტერიტორიაზე, ახალციხის და ასპინძის მუნიციპალიტეტებში იქმნება.
ცნობისთვის, ამჟამად საქართველოში 88 სხვადასხვა კატეგორიის დაცული ტერიტორიაა. კერძოდ, 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 11 ეროვნული პარკი, 42 ბუნების ძეგლი, 19 აღკვეთილი და 2 დაცული ლანდშაფტი. დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი 600 ათას 597 ჰექტარია, რაც ქვეყნის ტერიტორიის 8 პროცენტია.