ეკონომიკის სამინისტრო ამკაცრებს მოთხოვნებს ბუნებრივი აირის სადისტრიბუციო კომპანიებში, ასევე გაზის ინფრასტრუქტურის მშენებლობა - მონტაჟში დაკავებული ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ. თუმცა, სამინისტროში ამბობენ, რომ აუცილებელია გაიზარდოს მომხმარებელთა პასუხისმგებლობაც. გაზის ინფრასტრუქტურაში არსებულ გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს ეკონომიკის სამინისტროსა და ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებმა. შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს, რომ გაზის გამანაწილებელ და ინფრასტრუქტურის მშენებელ კომპანიებში დიდი მნიშვნელობა უნდა ენიჭებოდეს მუშახელის კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების პროგრამების ამოქმედებას. ამასთან, ისიც აღინიშნა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, თავისი ინტელექტუალური და ტექნიკური რესურსებით შეუძლია გადამზადების პროგრამების ამოქმედება და გაზის კომპანიებში იმ პერსონალის გადამზადება, რომელთაც უშუალოდ აქვთ შეხება გაზის ინფრასტრუქტურასთან და მოწყობილობებთან.