2019 წლიდან რეზერვების შესავსებად ეროვნული ბანკი, უკვე არსებულ სავალუტო აუქციონებთან ერთად, ახალ ინსტრუმენტს - სავალუტო ოფციონებს გამოიყენებს. ეროვნული ბანკის განმარტებით, ეს ინსტრუმენტი, უფრო მეტ სიცხადეს შეიტანს მოსალოდნელი სავალუტო შესყიდვების შესახებ და ასევე, უზრუნველყოფს, რომ ვალუტის შესყიდვამ გაცვლით კურსზე მინიმალური ზეგავლენა მოახდინოს.არსებული გეგმით, სებ-ი ყოველთვე აუქციონის წესით გაყიდის ოფციონებს 50 მილიონი ლარის ყიდვის უფლებით. ოფციონი უფლებას აძლევს მფლობელს მომდევნო ერთი თვის განმავლობაში შეიძინოს ლარი ამერიკულ დოლარზე ან ევროზე გადაცვლით, მხოლოდ იმ დღეს, როდესაც ლარის ოფიციალური კურსი წინა 20 სამუშაო დღის საშუალო გაცვლით კურსზე მყარია. ეს შეზღუდვა უზრუნველყოფს საერთაშორისო რეზერვების ავტომატურად შევსებას მხოლოდ იმ პერიოდში, როდესაც ლარს გამყარების ტენდენცია აქვს. იმ შემთხვევაში, თუ ოფციონის მოქმედების ვადაში არც ერთ დღეს ოფიციალური გაცვლითი კურსი არ იქნა წინა 20 დღის საშუალოზე უფრო მყარი, ოფციონის მფლობელი ვერ მოახდენს მის აღსრულებას.