პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეზე დაკავებულებთან პოლიციის მთავარ სამმართველოში ადვოკატები შედიან. ერთ-ერთი დაკავებულის ნონა ჟორჟაძის ადვოკატის განცხადებით მისი დაცვის ქვეშ მყოფი გუშინ ღამით ბათუმში დააკავეს და დღეს დილით გადმოიყვანეს დედაქალაქში. როგორც თეიმურაზ მაგრაქველიძე აცხადებს, ჟორჟაძის დაკავება საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოხდა. უფლებადამცველის თქმით, ჟორჟაძეს თანამშრომელმა გადაუგზავნა აღნიშნული კადრები, რის შედეგადაც სახლში სამართალდამცველებმა მიაკითხეს და თხოვეს გასაუბრება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით 16 პირია დაკავებული. როგორც უწყებაში განმარტავენ, გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეო-ჩანაწერს. შსს-ს განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის როგორც ნებისმიერი საშუალებით გავრცელება, ისე მისი შენახვა, 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.