პოლიტიკოს ქალზე კიდევ ერთი თავდასხმა, დისკრედიტაციის მცდელობა და სისტემური იარაღი ქალების წინააღმდეგ - ეს არის რეალობა, რომელშიც ჩვენ სახელმწიფოში ქალ საჯარო პირებს მოღვაწეობა უწევთ, - ამის შესახებ სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი.მისივე განცხადებით, შანტაჟი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით იქცა სისტემურ პრობლემად, ამის საპასუხოდ კი მხოლოდ მიმდინარე გამოძიებები გვაქვს, რომლის შესახებაც საზოგადოება სათანადო ინფორმაციასაც ვერ იღებს. "სახელმწიფოს ვალდებულებაა, გაატაროს მკაცრი პოლიტიკა და დასაჯოს დამნაშავე პირები. საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელება, შენახვა თუ დაარქივება სისხლის სამართლის დანაშაულია და უმკაცრეს სასჯელს ითვალისწინებს" - აცხადებს ნინო ლონჯარია. ომბუდსმენი სამართალდამცავებს მოუწოდებს დროულად გამოიძიონ და პასუხისგებაში მისცენ დანაშაულის ჩამდენი პირები, საზოგადოებას კი სთხოვს პოლიტიკური თუ სხვა შეხედულების მიუხედავად, გვერდში დაუდგეს იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ტიპის შანტაჟის მსხვერპლი გახდნენ