ბრიტანეთის კიუს სამეფო ბოტანიკური ბაღების მკვლევრებმა დაიანგარიშეს, რომ მეცნიერებისთვის ცნობილი ყავის 124 სახეობიდან, დაახლოებით 60 პროცენტი გადაშენების წინაშეა. მსოფლიოს ზოგიერთ წერტილში სიტუაცია განსაკუთრებით საგანგაშოა. მაგალითად, საფრთხის ქვეშაა მადაგასკარსა და ინდოეთის ოკეანის სხვა კუნძულებზე გავრცელებული ყავის ველური სახეობების 71 პროცენტი.
მკვლევართა განცხადებით, 60 პროცენტი იმდენად მაღალი მაჩვენებელია, რომ ჩვეულებრივი გადაშენების რისკის მაჩვენებელს ბევრად აღემატება და შესაბამისად, ყავა ერთ-ერთ ყველაზე საფრთხის ქვეშ მყოფ მცენარეთა ჯგუფს მიეკუთვნება. უახლესი კომპიუტერული მოდელირების უახლესი ტექნოლოგიის გამოყენებით, კვლევის ავტორმა აარონ დევისმა და მისმა ჯგუფმა განსაზღვრა, რომ გადაშენების პირასაა ყავის სახეობათა 75 პროცენტი. მათ შორის, კრიტიკულად საფრთხის ქვეშ მყოფად კლასიფიცირდა 13 სახეობა, საფრთხის ქვეშ მყოფად 40 სახეობა, 22 კი მოწყვლადად. ამჟამად, კოფეინის მისაღებად მსოფლიო დამოკიდებულია ყავის მხოლოდ ორ სახეობაზე - არაბიკასა და რობუსტაზე; ორივე მათგანის კულტივირება ასობით წლის წინ მოხდა.
არაბიკა ყველაზე პოპულარულია, რომელსაც უკვე ათას წელზე მეტია ეთიოპიასა და სამხრეთ სუდანში აგროვებენ. სწორედ მასზე მოდის ყავის მსოფლიო გაყიდვების 60-70 პროცენტი. ტყეების უმოწყალოდ ჩეხვისა და კლიმატის ცვლილებისადმი მგრძნობელობის გამო, მან საფრთხის ქვეშ მყოფ სახეობათა ჩამონათვალში გადაინაცვლა. ეთიოპიის ბოლო ოთხი ათწლეულის კლიმატური მონაცემების შესწავლისას, ჯგუფმა განსაზღვრა, თუ რა გავლებას ახდენს ყავის ბუნებრივ ჰაბიტატზე დეფორესტაცია, გვალვა და დაავადებები.
უკვე ასობით წელია, არაბიკას საძირედ ფერმერები მის გარეულ ნათესავებს იყენებენ. გამომდინარე იქიდან, რომ ეს მცენარე კლიმატის ცვლილების, დაავადებებისა და პესტიციდების მიმართ ზედმეტად მგრძნობიარეა, სავარაუდოდ, საჭიროა ამ ტექნიკის კიდევ უფრო დახვეწა. მეცნიერთა თქმით: სწრაფად მოქმედების შემთხვევაში, სიტუაციის გამოსწორება შესაძლებელია. ამისათვის უპირველესად საჭიროა მცენარის ბუნებრივი ჰაბიტატის გაფართოება და დაცვა, ისევე როგორც მისი გენეტიკური მრავალფეროვნების უზრუნველყოფა.