იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია არ აპირებს საჯაროდ დაუპირისპირდეს იმ ადამიანებს, ვისაც ის პირადად იცავდა, როგორც ადვოკატი. ასეთ პირთა შორის ბესელიამ ბიძინა ივანიშვილი დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ ის არასოდეს მორიდებია საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტში წარდგენილ უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეთა სიაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ კარგია პროცესის შეჩერება, თუმცა ის ვერ დაეთანხმება ბიძინა ივანიშვილის საჯარო წერილს, სადაც პარტიის ხელმძღვანელი გუნდურობის წესის დარღვევაში ადანაშაულებს მას.