2018 წელს მსოფლიოს 500 ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონება 511 მილიარდი დოლარით, 4 ტრილიონ 700 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი აქვეყნებს. გამოცემის ცნობით, ამის მთავარი მიზეზი საფონდო ბირჟებზე არსებული არასტაბილურობა გახდა. შედეგად, amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა 53 მილიარდი დოლარი, Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა კი 23 მილიარდი დოლარი დაკარგა. საერთო ჯამში რეიტინგში წარმოდგენილმა ამერიკის შეერთებული შტატების 177 მილიარდერმა წლის დასაწყისიდან კაპიტალის 5,9% დაკარგა. მათი ქონება ახლა ტრილიონ 900 მილიარდ დოლარად ფასდება.
გარდა ამისა, აზიელი ბიზნესმენების აქტივები 144 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. ანალიტიკოსებმა ევროპელი მილიარდერების აქტივების შემცირებაც დააფიქსირეს.