ისრაელის სამხედრო ძალებმა ჯარისკაცის მკვლელობაში ბრალდებული პალესტინელის სახლი გაანადგურეს. ამის შესახებ როიტერსი წერს. ებრაელი ჯარისკაცები მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროსთან მდებარე საცხოვრებელ სახლში გამთენიისას შევიდნენ და შენობის ნგრევა დაიწყეს. მათი მტკიცებით, მაისში, 32 წლის ისლამ აბუ ჰუმაიდმა შენობის სახურავიდან მარმარილოს ფილის გადმოგდებით 20 წლის ებრაელი სერჟანტი მოკლა. ბრალდებულის განცხადებით, მან მკვლელობა შურისძიების მიზნით ჩაიდინა. საცხოვრებლების ნგრევის პრაქტიკა ისრაელის უზენაესი სასამართლოს მიერ პალესტინელების წინააღმდეგ ფართოდ გამოიყენება. ოფიციალურ პირებს ასეთი სახის ზომები პოტენციური თავდამსხმელების მიმართ სადამსჯელო და დასაშინებელ ფაქტორებად მიაჩნიათ. დასავლეთ სანაპიროსთან ვითარება მიმდინარე კვირას განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც პალესტინელებმა ებრაელი მცირეწლოვანი და ორი ჯარისკაცი, ისრაელის სამხედრო ძალებმა კი 4 პალესტინელი მოკლეს. მხარეებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები 2014 წლიდან არის შეწყვეტილი.