ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 46-ე რაუნდზე საქართველოს დელეგაციამ ვრცლად ისაუბრა რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პროცესის მძიმე შედეგებზე. ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციის პროცესზე, გახშირებულ სამხედრო წვრთნებსა და საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტებზე. ქართველმა მხარემ ასევე ისაუბრა საოკუპაციო ხაზის მავთულხლართებით გამაგრებაზე და დაგმეს სოფელ ატოცთან ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი. მწვავედ დაისვა რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად იმპლემენტაციის აუცილებლობის საკითხი . მოლაპარაკებებისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის ფაქტებზე ასევე განხილვის საგანი იყო გალისა და ახალგორის ქართველი მოსახლეობის ეთნიკური დისკრიმინაციის მძიმე შედეგები და ამ გამოწვევის დაუყოვნებლივ გადაჭრის აუცილებლობა. მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2019 წლის 2-3 აპრილს გაიმართება. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე.