ქართულ ბაზარზე მალე ახალი ციფრული სავაჭრო პლატფორმა ვენდუ გამოჩნდება, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს პროდუქცია სახლიდან გაუსვლელად შეიძინონ. საიტი თებერვლიდან ამოქმედდება. მისი დახმარებით მცირე და საშუალო მეწარმეები მოსახლეობისთვის პროდუქციის მიწოდებას ინტერნეტით შეძლებენ.
ვენდუ ონლაინ მაღაზია სვუპის ბაზაზე იქმნება. კომპანიის 100-პროცენტიანი წილი თიბისი ჯგუფმა შეისყიდა. სვუპი ბაზარზე უკვე კარგად ცნობილი ონლაინ ფასდაკლებების და გაყიდვების კომპანიიაა. როგორც თიბისი ჯგუფში აცხადებენ, სვუპი ცალკე ბრენდად დარჩება და გააგრძელებს საქმიანობას.
ვენდუზე პროდუქციის განთავსებას ნებისმიერი მწარმოებელი შეძლებს. საიტი იქნება მზა ონლაინ პლატფორმა და გამართული ლოჯისტიკა ელექტრონული ვაჭრობისთვის. ვენდუ მომხმარებლებს პროდუქციის დიდ არჩევანს შესთავაზებს. საიტზე შესაძლებელი იქნება განვადების გაკეთება და შეძენილი პროდუქციის უკან დაბრუნებაც.