დღეს ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის უკანასკნელი ტურის მატჩები გაიმართება. განსაკუთრებით დაძაბული უნდა გამოდგეს რამდენიმე დაპირისპირება. კატალონიაში, ნოუ კამპზე სათამაშოდ ლონდონის ტოტენჰემი ჩავა. მიუხედავად იმისა, რომ ბარსელონას ჯგუფში პირველი ადგილი განაღდებული აქვს, მატჩი ნოუ კამპზე ტარდება, რის გამოც უნდა ვივარაუდოთ, რომ გუნდი მოსაგებად ბევრს გააკეთებს, ხოლო ტოტენჰემს 3 ქულა ჰაერივით სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისური კლუბი 7 ქულით მეორე ადგილზეა, მის მდევარს ინტერსაც 7 ქულა აქვს და სახლში უშანსო პეესვე ეინდჰოვენს ეთამაშება. ამგვარად, თუ ტოტენჰემი ბარსელონას დაამარცხებს, აუცილებლად მეორე ადგილზე გავა, ხოლო სხვა შედეგის დაფიქსირების შემთხვევაში მილანურ კლუბს მერვედფინალში გასვლის ბრწყინვალე შანსი ექნება. მიუხედავად იმისა, რომ ა ჯგუფში, როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ასევე ევროპა ლიგაზე გამსვლელთა ვინაობა უკვე ცნობილია, პირველ- მეორე ადგილოსნები ატლეტიკო მადრიდი და დორტმუნდის ბორუსია, ჯგუფის ლიდერობისთვის ბოლოჯერ გაიბრძოლებენ. ატლეტიკოს 12 ქულა აქვს, ხოლო დორტმუნდს 10, ორივე კი ბოლო მეექვსე მატჩს სტუმრად ატარებენ, მადრიდელები ბრიუგეს ეთამაშებიან, ხოლო დორტმუნდის ბორუსია მონაკოში ჩადის. ატლეტიკოს დღევანდელ დაპირისპირებაში, დიეგო კოშტა ლუკა ერნანდესი და სტეფან სავიჩი ვერ დაეხმარება. ასევე დიეგო გოდინისა და ხუანფრანის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. დორტმუნდელებს ამ მხრივ საქემე კარგად აქვს, მათ ყველა წამყვანი ფეხბურთელი ჯანმრთელად ჰყავთ, სამაგიეროდ მონაკოს ერთდროულად 11 მოთამაშე ტრავმების გამო აკლია, ხოლო ნასერ ჩადლის თამაში საეჭვოა. სეზონის საუკეთესო ჯგუფად სი ჯგუფი უნდა დავასახელოთ. აქ ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის და 3 გუნდი მომდევნო ეტაპზე გასასვლელად თანაბარ პირობებში იბრძვის. ნაპოლის, ლივერპულისა და პარიზ სენჟერმენისგან ყველაზე უკეთესი შანსი სწორედ ამ უკანასკნელს აქვს, რომელიც რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მეორე ადგილზეა. პესეჟეს 8 ქულა აქვს და სტუმრად ცრვენა ზვეზდას ეთამაშება, გამარჯვების შემთხვევაში კი გარანტირებულად ჯგუფიდან გავა. ლივერპული, რომელსაც 6 ქულა აქვს, სახლში ენფილდზე ნაპოლის უმასპინძლებს, რომელსაც 9 ქულა აქვს და მერვედფინალში გასასვლელად ფრეც აწყობს. მერსისაიდელები მოედანზე ერთადერთი მიზნით გამარჯვების მოსაპოვებლად გავლენ, რადგან უახლოეს პესეჟეს 2 ქულით ჩამორჩებიან და ისიც სავარაუდოდ ცვენა ზვეზდას მარტივად მოუგებს.