თბილისის ძველ უბანში, მყუდრო კაფის მრავალრიცხოვან მენიუში, სასმელს განსაკუთრებული ადგილი უკავია.ალკოჰოლურ და გამაგრილებელ სასმელებთან ერთად, მენიუში არა, მაგრამ ერთ კუთხეში საპატიოდ განთავსებულია დაფასოვებული ასკილის ნაყოფი ჩაისთვის. ბრენდი „ატოცის ასკილი“ სულ ცოტა ხნის წინ დაიბადა, ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ წევრის, ლანა ღვინჯილიას ორგანიზებით. მცენარე კონფლიქტის ზონიდან, სოფელ ატოციდან ჩამოაქვთ და მის შეძენას მომხმარებელს სთავაზობენ. რეალიზაციიდან შემოსული თანხა სოფლის მოსახლეობაზე ნაწილდება.აქციას თბილისში უკვე არაერთი კაფე-ბარი და რესტორანი შეუერთდა.
ატოცში მცხოვრები, ეთნიკური ოსი ქალბატონი, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, სოფლის ყარაულად დარჩა. მას არ ეშინოდა, ჰქონდა იმედი, რომ რუსულ არმიასა და ოს სეპარატისტებს, გაუმკლავდებოდა წარმომავლობით... ქართველებსაც ჰქონდათ ოსი რძლის იმედი. მათ სახლ-კარი, პირუტყვი და ღირებული ნივთები ჩააბარეს ტყეში გახიზვნამდე. გასულ წელს ასკილის კრეფისას ოკუპანტებმა, ე.წ. საზღვრის გადალახვის გამო დააკავეს.გამოსასყიდი მისმა დედმამიშვილებმა გადაიხადეს.
მაინც არ ნებდება უკანონოდ შემოჭრილ ოკუპანტებს და კვირაში რამდენიმე დღე ისევ საოკუპაციო ზოლთან ამოსულ ველურ ასკილს კრეფს. ეს ერთადერთი გზაა, ოჯახმა ისულდგმულოს... ატოცელები გაჭირვებას, შიშს, უპერსპექტივობას, უიარაღო მიმდიმარე ომს, ოკუპაციასა და ანექსიას ასკილით ებრძვიან...
ატოცში ასკილის კრეფა ჯერ არ მილეულა. აქ დღესაც კრეფდნენ ეკლიან, გამომშრალ წითელ ნაყოფს ადგილობრივები. მას შემდეგ, რაც მავთულხლართებს მიღმა დარჩა მოსახლეობის სახნავ-სათესი და ცხოველებისთვის საბალახო ადგილები, ატოცელების ერთადერთი შემოსავლის წყარო ესაა. მსხმოიარე ასკილი კი საქართველოს სადარაჯოზე, მავთულხლართებს შორის ამაყი და მოუსყიდავი მცველივით დგას. აქ ატოცში, გადარჩენისთვის იბრძვიან ატოცელები, ომს გადარჩენილი ატოცელები... ხვალაც ასე იქნება, ზეგაც და ვინ იცის, როდის დასრულდება ოკუპაცია?!