"ომეგა ჯგუფის" საწარმოში მუშაობა კიდევ ერთხელ შეჩერდა. კომპანიაში ამის მიზეზად შემოსავლების სამსახურისგან აქციზური მარკების გაცემაზე უარის თქმას ასახელებენ. როგორც ომეგა ჯგუფის გენერალურმა მენეჯერმა განაცხადა, მიუხედავად იმისა რომ კომპანიამ სრულად დაფარა ოქტომბრის თვის მიმდინარე გადასახადი, 550 ათასი ლარის ოდენობით, უფილტრო სიგარეტის აქციზური მარკები მაინც ვერ მიიღო. "ომეგა ჯგუფში" დასაქმებულები ამბობენ რომ, საწარმოს საქმიანობის შეჩერების გამო, ფინანსური პრობლემები კომპანიის ასობით თანამშრომელს ექმნება. "ომეგა ჯგუფში" პრობლემები რამდენიმე თვის წინ დაიწყო, როგორც ცნობილია, კომპანიას 53 მილიონ ლარამდე საგადასახადო დავალიანება აქვს. ომეგა ჯგუფმა ოქტომბრის ბოლოს ბიუჯეტში მილიონი ლარი გადაიხადა, რის საფუძველზეც კომპანიას საქმიანობის განახლების უფლება მიეცა. თუმცა ორკვირიანი მუშაობის შემდეგ ომეგა ჯგუფში სიგარეტების წარმოება კვლავ შეწყდა.