"ქართული ოცნების" დეპუტატმა ეკა ბესელიამ, შესაძლოა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვოს და კომიტეტის თავმჯდომარის სავარძლიდან პარლამენტის სპიკერატში გადაინაცვლოს. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ასეთი შეთავაზება ეკა ბესელიამ გუნდისგან უკვე მიიღო. არაოფიციალური ინფორმაციით, პარლამენტის ლიდერშიპში დაისვა საკითხი, რომ იურიდიული კომიტეტი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომიტეტია და მას სხვამ უნდა უხელმძღვანელოს. როგორც “ინტერპრესნიუსი“ სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის სანაცვლოდ, ბესელიამ პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე არჩევის შეთავაზება მიიღო რათა აღნიშნულ გადაწყვეტილებას მისი თანამდებობრივი დაქვეითების სახე არ მიეცეს. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ეკა ბესელიას შემცვლელად დეპუტატი ანრი ოხანაშვილი განიხილება.