საოცარმა ზღვის ცხოველმა, რომელსაც უძველესმა ბერძნებმა "კიტო" ანუ "წყლის ურჩხული" უწოდეს, ოდითგანვე გაითქვა სახელი თავისი სასარგებლო თვისებებით. მაგალითად, ვეშაპის ქონი დღემდე გამოიყენება მარგარინის, გლიცერინის და საპნის წარმოებაში, სპერმაცეტი კოსმეტიკური ნაწარმის, მათ შორის დეკორატიული პომადის და სხვადასხვა საცხის შემადგენლობაში შედის, ამბრი კი, პარფიუმერიაში სარგებლობს წარმატებით როგორც არომატის სტაბილიზატორი. ცხოველის ულვაშით გასული საუკუნის დასაწყისში ზამბარა მზადდებოდა რბილი ავეჯისთვის, კუჭუკანა ჯირკვლის სეკრეტით კი, ინსულინი და სხვა სამკურნალო პრეპარატები იწარმოება. მართალია, დღეს ვეშაპზე კომერციულ ნადირობას თითქმის ყველა ქვეყნის კანონმდებლობა კრძალავს, მაგრამ ცხოველის უკონტროლო ექსპლუატაცია მაინც აქტიურად გრძელდება, რამაც ზოგიერთი სახეობის პრაქტიკულად სრული განადგურება გამოიწვია. თანამედროვე კლასიფიკაციით დადგენილ ორ ძირითად - კბილებიან და ულვაშიან ვეშაპთა ქვეჯგუფში 38 გვარის 80-მდე სახეობაა გაერთიანებული, განსაკუთრებული პოპულარობით კი, კუზიანი ვეშაპი, რომელმაც სახელი ზურგზე გამობერილი ფარფლის წყალობით მიიღო და გრენლანდიური ვეშაპი სარგებლობენ, რომელიც ოჯახის წევრებს შორის ყველაზე დიდხანს ცოცხლობს. ველური ბუნების მოყვარულთათვის ასევე კარგადაა ცნობილი კბილებიან ვეშაპთა ყველაზე მსხვილი წარმომადგენელი - კაშალოტი, პლანეტის უმსხილესი ცხოველის ტიტულის მფლობელი - ლურჯი ვეშაპი და "ულვაშიანების" ყველაზე მინიატურული წევრი - ჯუჯა ვეშაპი, რომლის სიგრძე 6 მეტრს, წონა კი, 4 ტონას არ აღემატება.