უალკოჰოლო სასმელების მარკირების საფასურს წინა წლების ანალოგიურად, 2019 წელსაც შემოსავლების სამსახური გადაიხდის. ცნობისთვის, უალკოჰოლო სასმელების ელექტრონული მარკირება ძალაში 2015 წლის 1-ლი ნოემბრიდან შევიდა. ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, მარკირებას დაექვემდებარა არაალკოჰოლური სასმელები, მათ შორის მინერალური და მტკნარი წყლები. მარკირების პროცესის უზრუნველსაყოფად კონტრაქტორის შერჩევა შემოსავლების სამსახურს, მომსახურების საფასურის ანაზღაურება კი პროდუქციის მწარმოებელს დაევალა.
კონტრაქტორად SICPA Security Solutions Georgia (ესაისიფიეი სექურითი სოლუშენს ჯორჯია) შეირჩა, რომელიც შვეიცარიული კომპანია SICPA HOLDING-ის (ესაისიფიეი ჰოლდინგ) შვილობილ ორგანიზაციას წარმოადგენს. შეგახსენებთ, რომ მარკირების საფასურს 2017-2018 წლებშიც შემოსავლების სამსახური იხდიდა.