სანკების ასოციაციის ხელმძღვანელი ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, სამომხმარებლო სესხების პორტფელის შემცირებასა და საპროცენტო განაკვეთის ზრდას ვარაუდობს. ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, პირველი ნოემბიდან დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში სესხები შესაძლოა, გაძვირდეს. ეროვნული ბანკის მიერ დაანონსებული რეგულაციების შედეგად, ბიზნესგაერთიანებების წარმომადგენლები ეკონომიკური ზრდის შემცირებასაც ელოდებიან.ბიზნესგაერთიანებისა და ბანკების ასოციაციის პროგნოზებს გადაჭარბებულად პესიმისტურს უწოდებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. კობა გვენეტაძის განმარტებით, განხილვები გრძელდება და დებულებაში საბოლოო ვარიანტის გამოქვეყნებამდე გარკვეული ცვლილებები შევა. 2018 წლის 1-ლი ნოემბრიდან კომერციული ბანკებისთვის ძალაში შედის „ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ დებულება", რომელიც ეროვნულმა ბანკმა მოამზადა. ახალი რეგულაციების მიხედვით, ბანკებს მსესხებლის გადახდისუნარიანობის დეტალურად შესწავლის ვალდებულება ექნებათ. ასევე, ამ დებულებით განსაზღვრულია, თუ რა მოცულობის თანხის გადახდა მოუწევთ ყოველთვიურად მსესხებლებს საკუთარი შემოსავლიდან გამომდინარე.