რინოვირუსები გაციებისა და სხვა სასუნთქი გზების პრობლემების მთავარი გამომწვევი მიზეზია. სასუნთქ გზებში არსებული ეპითელური უჯრედები პირველები არიან, რომლებიც ორგანიზმში მოხვედრილ ვირუსთან ბრძოლას იწყებენ. უჯრედები ძირითადად ვირუსს მანამდე ანადგურებენ, სანამ ის გამრავლებას შეძლებს. თუმცა ზოგიერთ შემთხვევებში შემოჭრილი პათოგენი სერიოზულ სიმპტომებსაც იწვევს.
მკვლევარებმა შეისწავლეს და აღმოაჩინეს ორი სხვადასხვა თავდაცვის მექანიზმი, რომელიც განსხვავებულ შემთხვევებში აქტიურდება. ერთ-ერთი მექანიზმი ქსოვილში ვირუსის განადგურებას ემსახურება, მეორე კი უჯრედებში სხვადასხვა გარემო ფაქტორებით - თამბაქოს კვამლით ან ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებების წინააღმდეგ მოქმედებს.
მეცნიერაბმა ექსპერიმენტის ფარგლებში აღმოაჩინეს, რომ გარემო ფაქტორებით გამოწვეული დაზიანებების აღმოფხვრის პროცესში უჯრედები კარგავენ უნარს, რომ ვირუსებსა და ბაქტერიებს სათანადოდ ებრძოლონ. ეს ნიშნავს, რომ უჯრედებს ერთდროულად მრავალ სხვადასხვა ფაქტორთან ბრძოლა უჭირთ.
სასუნთქი გზების ზედაპირზე არსებული უჯრედები ორგანიზმს არა მარტო ვირუსებისგან, არამედ სხვა მავნებელი ნივთიერებებისგანაც იცავს. უჯრედებს ერთი ტიპის დამზიანებელთან გამკლავება ადვილად შეუძლიათ, თუმცა როდესაც საქმეში სხვა უარყოფითი ფაქტორებიც ერთვება, უჯრედებს სხვადასხვა ფრონტზე ბრძოლა ერთდროულად უწევთ, რის გამოც ისინი ეფექტურად ვეღარ მოქმედებენ.