ძალიან რთულია კარმიდამოს სუფთად და ჯანსაღად შენარჩუნება ისე, რომ ამავდროულად გარემოს არ ვავნოთ. როდესაც გაზონის გაკრეჭვას გაზონის მჭრელი მანქანის საშუალებით ცდილობ, საწვავს ხარჯავ, რომელიც გარემოში ნახშირორჟანგის სახით გამოიყოფა. სხვა ალტერნატივა პესტიციდებია, რომლებმაც შეიძლება უფრო მეტი ზიანი გამოიწვიონ, ვიდრე სარეველა ბალახებმა და იქ დაბუდებულმა პარაზიტებმა. სწორედ ამიტომ ძალიან ბევრმა გაცილებით უფრო ნატურალური გზის ძებნა დაიწყო: ეს არის თხები. თხების დაქირავება უცხოეთში ძალიან პოპულარული სერვისი გახდა მიწის მფლობელებსა და ფერმერებს შორის. თხების დაქირავების მსურველი სერვისის მიმწოდებელ კომპანიაში რეკავს და თავის მიწას აღწერს, რა ზომის და როგორი რელიეფისაა ის, ასევე სხვა მნიშვნელოვან დასაჭირო მახასიათებლებსაც აწვდის, რის მიხედვითაც სერვისის მიმწოდებელი ვითარებას აფასებს და ფასს ასახელებს. დათქმულ დღეს თხები დანიშნულ ადგილას მიდიან. ისინი ბალახს საღამომდე ჭამენ, შემდეგ კი სამუშაოს ასრულებენ, ისინი შესაძლოა, იმავე ადგილას შემდეგ დღესაც დაბრუნდნენ, ყველაფერი სამუშაოს მოცულობაზეა დამოკიდებული. მსგავს საქმიანობაში ერთ ჯერზე შესაძლოა 100 თხა ჩაერთოს. ისინი ემსახურებიან ნებისმიერი სახის კლიენტს, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორის წარმომადგენლებს. ბალახების განადგურების სწორედ ეს გზა გამონახეს კანადის ქალაქ ედმონტონში, სადაც ჰერბიციდების გამოყენება აკრძალულია. ქალაქის ადმინისტრაცია სარეველა ბალახის გასანადგურებლად 400-ზე მეტ თხას იყენებს. თხების გამოყენება გარემოს დაცვის კუთხითაც გამართლებულია, რადგან ისინი ბუნებას ნახშირორჟანგისა და პესტიციდების დამატებითი რაოდენობისგანაც იცავს.