უკანასკნელი ორი წლის მანძილზე საქართველოსა და აშშ-ის თანამშრომლობამ ახალ ეტაპზე გადაინაცვლა. ერთობლივი ძალისხმევით დღეს ის უფრო მტკიცეა ვიდრე აქამდე იყო, რასაც ძალიან ვაფასებთ- განაცხადა ტელეკომპანია ფოქსის გადაცემა Special Reports-სთან ინტერვიუს დროს საქართველოს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა აშშ-ის პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის მხრიდან ინციტივებს აფასებს. ბახტაძემ ასევე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთი აგრძელებს აგრესიულ ქმედებას. "სამწუხაროდ, რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიის 20% და იგი აგრძელებს თავის აგრესიულ პოლიტიკას საქართველოს წინააღმდეგ. ადგილობრივი ქართველები იძულებულები იყვნენ მიეტოვებინათ საკუთარი სახლები. რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ორი ისტორიული რეგიონი. რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების კუთხით მუშაობს.თუმცა რუსეთი კვლავ ცდილობს, ხელი შეუშალოს სამშვიდობო ინიციატივებს", – აცხადებს ბახტაძე.