თბილისის მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯებისთვის ჯარიმები 4-ჯერ იზრდება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, დედაქალაქში სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილებზე, პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, ღობეებისა და შენობების შეუღებავად მიტოვება – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. დღეს მოქმედი რედაქციით თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებაზე ჯარიმის ოდენობა სულ რაღაც 50 ლარს შეადგენს. ორჯერ იზრდება იმავე ქმედების განმეორებით ჩადენისას ჯარიმის ოდენობა. თუ დღეს ჯარიმა 500 ლარია, 28 აგვისტოდან დამრღვევ პირს 1000 ლარის გადახდა მოუწევს.