სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობისას, მძარცველი პოლიციელის მიერ გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა. ინციდენტი ფოთში მოხდა. ქურდობის მცდელობისას ადგილზე მისულ სამართალდამცველსა და მძარცველს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც პოლიციელის გასროლის შედეგად მძარცველი თავის არეში მძიმედ დაიჭრა. სასწრაფო დახმარებამ დაჭრილი ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ის კლინიკაში შეყვანისთანავე დაიღუპა. პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელი უკვე დაკავებულია. პროკურატურა საქმეზე გამოძიებას, 333-ე მუხლის 3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ატარებს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით, ან იარაღის გამოყენებით გულისხმობს. ირკვევა რომ ინციდენტისას დაზიანება პოლიციელმაც მიიღო. მისი ადვოკატის თქმით, ქურდობის მცდელობისას მამაკაცმა მას თავში ჩაქუჩი ჩაარტყა, რა დროსაც პოლიციელმა უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე იარაღი გამოიყენა. მედიკოსები აცხადებენ რომ პოლიციელს ქალა-ტვინის დახურული ტრავმა და ტვინის შერყევა აქვს.