ოზურგეთში ძლიერმა ქარმა მამაკაცი იმსხვერპლა. გრიბოედოვის ქუჩაზე მცხოვრები მურმან ნაცვლაძე სახლის სახურავზე ასვლას ცდილობდა, თუმცა ქარმა გადმოაგდო და ადგილზე დაიღუპა. გარდა ამისა ძლიერი ქარის გამო ფიზიკური დაზიანება მიიღო კიდევ ერთმა მოქალაქემ. რაც შეეხება მიყენებულ ზარალს, გურიის გუბერნატორის ინფორმაციით, გრიგალმა მრავალბინიან და ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს სახურავები ახადა, ქალაქის თითქმის ყველა ქუჩაზე მოგლიჯა ხეები და დააზიანა ავტომობილები. ასევე, დაზიანდა გაზმომარაგების მილსადენები და ელექტროგადამცემი სადენები და ბოძები. აჭარაში ძლიერი ქარის შედეგად ათზე მეტი საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა, მოგლეჯილია რამდენიმე მრავალწლოვანი ხე. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ე.წ "ოცნების ქალაქის" ტერიტორიაზე კი ქარმა მრავალწლოვანი ხე მოგლიჯა, რომელიც ფიცრულს დაეცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ფიცრულის მეპატრონე შემთხვევის დროს სახლში არ იმყოფებოდა.