სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე დაკავებულ "სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელის, ზვიად კუპრავას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დღეს განაჩენი გამოცხადდება. გასულ სასამართლო პროცესზე მხარეებმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს, საბოლოო სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმა ზვიად კუპრავამაც.
სახელმწიფო ბრალდების პოზიციით, საქმეში წარმოდგენილია არაერთი მოწმის ჩვენება, რომლებიც ცალსახად მიუთითებენ, რომ ზვიად კუპრავამ მოსამართლის მისამართით გამოთქვა შეურაცხმყოფელი სიტყვები. საპირისპიროს ამტკიცებს ზვიად კუპრავას ადვოკატი, ლევან დავითაია და აღნიშნავს, რომ კუპრავას საქმე პოლიტიზირებულია.
შეგახსენებთ, გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის 11 ივნისს ზვიად კუპრავამ სასამართლოს შენობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს, რისთვისაც მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით.