"სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელს, ზვიად კუპრავას, რომელიც პოლიციაში გამოკითხვაზე იყო დაბარებული, გამომძიებლებისთვის ჩვენება არ მიუცია. ამის შესახებ კუპრავამ ჟურნალისტებს პოლიციის შენობიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა. ის პოლიციის განყოფილებაში ადვოკატ ბაჩუკი ქირიასთან ერთად იმყოფებოდა. როგორც კუპრავამ განმარტა, ის წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით ჩვენების მიცემას სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ითხოვს და აღნიშნული მოთხოვნა გამომძიებლებს გააცნო. მისი თქმით, ბრალი, რომელსაც მას ედავებიან, უსაფუძვლოა, ვინაიდან მას სასამართლოსთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სასადილოში 12 ივნისს მომხდარი ინციდენტის დროს, ზვიად კუპრავას მიერ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით დაიწყო.