თითქმის 1 წლიანი პაუზის შემდეგ, 15 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით, ფიტნეს დარბაზები გაიხსნება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზე თებერვლის ბოლო კვირაში მიიღეს.
შედეგად, განახლდა რეკომენდაციები და მოთხოვნები, რომლის დაცვითაც მოუწევს ობიექტებს საქმიანობის განახლება. მათ შორის, რეკომენდაციების თანახმად, ტრენაჟორების დარბაზში პირებმა უნდა გამოიყენონ მხოლოდ საკუთარი რეკვიზიტები: გასახდომი ქამრები, ხელთათმანები და ა.შ. ასევე ყველა პირი ვალდებული იქნება კლუბში შესვლისას და კლუბში ყოფნისას ყველა ზონაში ატაროს ნიღაბი, გარდა მაღალი ინტენსიური ვარჯიშების შესრულებისა, როგორიცაა: კარდიოვარჯიშები, ანაერობული ვარჯიშები, ფიქსირებული მძიმე წონების ვარჯიშები ჰამერზე და სხვა მაღალინტენსიური აქტივობა.
ამასთან, როგორც შემუშავებულ რეკომენდაციებშია აღნიშნული, ტრენაჟორებსა და კარდიოტრენაჟორებს შორის 2 მ-იანი დისტანცია უნდა იყოს დაცული. თუ დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება ტრენაჟორები ერთმანეთისგან გამოყოფილი უნდა იყოს, დამცავი ტიხრებით/ბარიერებით. იმ შემთხვევაში კი თუ დისტანციის დაცვა და ბარიერით გამოყოფაც ვერ ხერხდება, ინვენტარი უნდა დაილუქოს.