მსურს, ვიფიქრო განახლებულ პარტნიორობაზე რუსეთთან, მაგრამ დღეს ეს შორეული პერსპექტივაა. დღევანდელ ვითარებაში, რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობის სრული პოტენციალის გამოყენება ჩვენი რადარის ეკრანზე არ ჩანს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში რუსეთის მთავრობის მიზანმიმართულმა პოლიტიკურმა არჩევანმა ურთიერთობებში ნეგატიური სპირალი შექმნა. „ჩვენი ერთობა უნდა იყოს ჩვენი ყველაზე დიდი აქტივი რუსეთთან ურთიერთობაში. აშკარაა, რომ რუსეთს სურს ჩვენი გაყოფა. ისინი გარკვევით ამბობენ, რომ არ აინტერესებთ ევროკავშირი და ურჩევნიათ თავი აარიდონ მას. მათ სურთ პირდაპირ წევრ ქვეყნებთან საუბარი და არა ყველასთან ერთად. მხოლოდ მათთან, ვინც მნიშვნელოვანია. დიახ, რუსეთს სურს ჩვენი გაყოფა და ჩვენი გაყოფის ნებისმიერი მცდელობის წინააღმდეგ, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, არის, რომ შევინარჩუნოთ ერთიანობა, რაც დამიჯერეთ, ყოველთვის ადვილი არ არის,”- აღნიშნა ბორელმა.