ჟენევაში დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვის მოლაპარაკებები გაიმართება. შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი უკრაინასთან დაკავშირებული კრიზისი და რუსეთის მიერ „უსაფრთხოების გარანტიებთან“ დაკავშირებული წინადადებები იქნება.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ლავროვთან დაგეგმილი შეხვედრისგან მნიშვნელოვან გარღვევებს არ ელოდება. მისი თქმით, რუსეთთან, სხვადასხვა ფორმატში, მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა, რის შემდეგაც მხარეებს ჰქონდათ დრო ეფიქრათ იმაზე, რაც ამ შეხვედრების დროს მოისმინეს, ამიტომ, სერგეი ლავროვთან შეხვედრა მნიშვნელოვანია იმის გასარკვევად, თუ რა დასკვნები გამოიტანა რუსეთმა დიპლომატიური საუბრებიდან და შესაძლებელია თუ არა დიპლომატიური გზის გაგრძელება არსებული კრიზისის მოსაგვარებლად.