საქართველოს უმეტეს რაიონებში დღეს წვიმაა მოსალოდნელი, ზღვაზე კი 4-5 ბალიანი შტორმი იქნება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, დღის ბოლოს ქვეყნის ტერიტორიაზე შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოსალოდნელია ჰაერის ცივი მასების გავრცელება. შესაბამისად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი. 7 სექტემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში შესაძლებელია ძალიან ძლიერი ნალექი, ელჭექი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზოგან სეტყვა და ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლება. ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი იქნება. საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მატება. ცალკეულ რაიონებში შესაძლოა აღინიშნოს მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები.