უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფოს კუთვნილი ათასი ქონების პრივატიზებას ითვალისწინებს. აქამდე აღნიშნული ობიექტების პრივატიზება აკრძალული იყო.
გასაყიდად გამოტანილი მცირე ქონების რეალიზება ProZorro საჯარო პლატფორმის საშუალებით მოხდება, ხოლო მოგვიანებით მას 16 მსხვილი სახელმწიფო ქონება დაემატება, რომელშიც შედის მექანიკის საწარმო Azovmash-ი და სასუქის მწარმოებელი Odesa Portside Plant-ი.
პირველ ხუთ ობიექტს შორის, რომელიც საპრივატიზაციო სიაში მოხვდა, არის კიევის Dnipro Hotel და სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებელი Chaika. Dnipro Hotel-ის გარდა, ასევე გაიყიდება სასტუმრო Ukraine, დასასვენებელი კურორტი Pushcha Vodytsya და სანატორიუმი Concha Zaspa კიევის გარეუბანში.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პრივატიზებას 3-4 თვე დასჭირდება. ამ დროისთვის უცნობია, რა ოდენობის შემოსავალს მიიღებს სახელმწიფო ამ „დიდი პრივატიზების“ ფარგლებში. თუმცა, შემოსული თანხა მთლიანად ვალების გასტუმრებას და სოციალური პროექტების დაფინანსებას მოხმარდება.