საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, ზაზა თავაძე უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტებს აქვეყნებს.ორი დოკუმენტი თავაძემ „palitra niuss“ თავად მიაწოდა და ამით სახალხო დამცველის ანგარიშის იმ ნაწილს გამოეხმაურა, რომელშიც მოსამართლეობის კანდიდატების იურიდიული განათლების ხარისხთან დაკავშირებით ხარვეზებზეა საუბარი. ზაზა თავაძის განცხადებით, დოკუმენტები ადასტურებს, რომ მას დოქტორანტურის გამოცდები ჩაბარებული აქვს, როგორც საქართველოში, ისე გერმანიაში - 2017-2019 წლებში. კერძოდ, მისი თქმით, ერთი საბუთი „არის გერმანიაში ვიურცბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლის შესახებ, სადაც უკვე ყველა გამოცდა ჩაბარებულია და იქვე მითითებულია იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მიერ, რომ 2020-2025 უნდა მოხდეს სადოქტოროს დაცვა“. რაც შეეხება მეორე დოკუმენტს, თავაძის განმარტებით, ის არის გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დოქტორანტურის ცნობა.