ზაზა სარალიძე დროებითი საპარლამენტო კომისიიდან, რომელმაც თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმე უნდა შეისწავლოს, კომისიის ერთ-ერთი წევრის ეკა ბესელიას აცილებას ითხოვს. ზაზა სარალიძის თქმით, თუ კომისიის შემადგენლობაში ეკა ბესელია იქნება, ის კომისიასთან არ ითანამშრომლებს. სარალიძე კომისიის წევრებთან შესახვედრად საკანონმდებლო ორგანოში მივიდა. შეხვედრას "ევროპული საქართველოს" წევრები - სერგი კაპანაძე, ელენე ხოშტარია, ოთარ კახიძე და ირმა ნადირაშვილი ესწრებიან. სარალიძემ კომისიის წევრებს მის ხელთ არსებული ინფორმაცია უნდა მიაწოდოს, რომელიც საქმის მასალების გაყალბებას ეხება.