ვინ გახდება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი - სამეურვეო საბჭომ შესარჩევი კონკურსის მეორე ტურში გადასულ ხუთივე კანდიდატს მოუსმინა. სხვა კანდიდატებისგან განსხვავებით ყველაზე მეტი კითხვები ვასილ მაღლაფერიძისა და ნინო ზაუტაშვილის მისამართით დაისვა. სამეურვეო საბჭო კანდიდატების სამომავლო გეგმებით, მაღლაფერიძის შემთხვევაში კი მისი პოლიტიკური წარსულით დაინტერესდა. კრიტიკული შეკითხვა მაღლოაფერიძეს ბორდის წევრმა ქეთევან სხილაძემ დაუსვა და აღნიშნა რომ ის გადაცემა რომელზეც ვასილ მაღლაფერიძე მუშაობდა არც სანდო იყო და არც რეიტინგული. მაღლაფერიძე მიიჩნევს რომ მისი პოლიტიკური და ადამიანური წარსული დანაშაული არ არის და არც "ქართული ოცნების" ვალი და ვალდებულება არ აქვს. ნინო ზაუტაშვილმა კი გასაუბრების დროს ტელევიზიის მენეჯმენტი გააკრიტიკა და პირველი არხის სანდოობაზე ისაუბრა. მისი თქმით, სამეურვეო საბჭოს მიერ განსაზღვრული პროგრამული პრიორიტეტები, ფაქტობრივად, არ შესრულდა და სეზონი ჩავარდა. ახალი გენერალური დირექტორის ვინაობა პარასკევს გახდება ცნობილი.