მოდის ბრენდის Zara-ს და Massimo Dutti-ს მფლობელმა ესპანურმა კომპანია Inditex-მა მეორე კვარტლის გაყიდვებით შვედურ კომპანია H&M-ს გადაასწრო. Reuters-ის ცნობით, Zara-ს გაყიდვებმა პანდემიამდელ დონეს გადააჭარბა მაშინ, როცა H&M-მა, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ამ დონეს ჯერ ვერ მიაღწია.
მეორე კვარტალის სუფთა მოგებამ 850 მლნ ევროს გადააჭარბა, რაც 214 მლნ ევროთი აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, ხოლო 2019 წლის მეორე კვარტალის სუფთა მოგებაზე 4%-ით მეტია. მაისი-ივლისის პერიოდში გაყიდვები 6 მილიარდ 990 მილიონ ევრომდე გაიზარდა, რაც 2019 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 7%-ით მეტია.
ანალიტიკოსების შეფასებით, Inditex-ის ბრენდებისთვის სარგებელი ბოლოდროინდელ ტენდენციას მოაქვს, როცა მომხმარებლებმა თავიანთი ხარჯები მოდური, სამსახურში გამოსასვლელი ტანსაცმლის შეძენისკენ მიმართეს, რადგან ძირითადი შეზღუდვების მოხსნით, დიდი ქალაქები ნორმალურ ცხოვრებას თანდათანობით უბრუნდებიან.