ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზანავში, მინერალური წყლის შესწავლა-მოპოვების 25-წლიანი ლიცენზია „აიდიეს ბორჯომ ბევერიჯიზ კომპანიმ“ ელექტრონულ აუქციონზე 1 მილიონ 100 ათას ლარად მოიპოვა. როგორც ეკონომიკის სამინისტროს წიაღის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, სალიცენზიო პირობების მიხედვით კომპანიამ 5 წლის განმავლობაში მინერალური წყლის ჩამოსხმის მიზნით არანაკლებ 10 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს და მინიმუმ 50 საქართველოს მოქალაქე დაასაქმოს. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების პროცესი მკაცრ გარემოსდაცვით პირობებს უნდა შეესაბამებოდეს.