ყოფილი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი გარდაბნის თბოსადგურის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. ამის თაობაზე ინფორმაცია ზაქარია ქუცნაშვილმა "პალიტრანიუსს" თავად დაუდასტურა.
შეგახსენებთ, რომ ზაქარია ქუცნაშვილმა დეპუტატის მანდატის დატოვების გადაწყვეტილება 2019 წლის 21 ივნისს მას შემდეგ მიიღო, რაც მისი ორგანიზებით, მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სხდომა თბილისში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ხელმძღვანელობით გაიხსნა.
შპს "გარდაბნის თბოსადგურის" 49.092%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი – "საპარტნიორო ფონდია". 50.908%-იანი წილის კი "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია". თავის მხრივ, კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს ერთ-ერთი წევრი ისევ "საპარტიორო ფონდია".