ბაზრის დახლზე მოხვედრილი სასოფლო სამეურნეო პროდუქციის თითქმის 90%, კერძოდ ხილი და ბოსტნეული, მიკრობიოლოგიურად დაბინძურებულია და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. სასოფლო სამეურნეო პროდუქციის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ბაზარი, რომელიც გაჯერებულია გლეხურ მეურნეობებში მოყვანილი პროდუქციებით, მომხმარებლისთვის მაღალ რისკს წარმოადგენს. საუბარია იმ ნაყოფზე, რომელსაც უშუალოდ ნიადაგთან აქვს შეხება. გაეროს ექსპერტი, ეკოლოგი ხათუნა ახალაია მომხმარებელს ურჩევს დაიცვან ჰიგიენის ნორმები, ბაზარში შეძენილი პროდუქტი 15-20 წუთის განმავლობაში გააჩერონ გამდინარე წყალში. ასევე, ჭარხალი და სტაფილო გამოყენებამდე აუცილებლად უნდა გაითალოს, მოსცილდეს ის ფენა, რომელშიც შეიძლება იყოს მიკრობიოლოგიური დაბინძურება.