პანკისელ უხუცესებს სუს-ის მიერ გავრცელებულ კადრებზე კითხვები აქვთ. პლატონ გუნაშაშვილი აცხადებს, რომ ამ მასალაში დანაშაული არ იკვეთება. ამასთან უცუხესთა საბჭოში მიაჩნიათ, რომ სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის ახალგაზრდის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვა და სუს-მა მტკიცებით ფორმაში მიუთითა, რომ მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია სამართალდამცავებისთვის, კერძოდ უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა. „ამ დრომდე ვერ მივიღეთ დასაბუთებული პასუხი კითხვაზე, რამდენად აუცილებელი და პროპორციული იყო მაჩალიკაშვილის მიმართ, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მისსავე საძინებელ ოთახში, ცეცხლსასროლი იარაღიდან პირდაპირ თავში სროლა. ვერ მივიღეთ დამაჯერებელი განმარტება, რატომ იყო აუცილებელი ამ პირების დასაკავებლად ასეთი მასშტაბური სპეციალური ოპერაციის ჩატარება ძალის მაქსიმალური დემონსტრირებით. მივმართავთ ხელისუფლებას ადეკვატურად უპასუხოს თემში არსებულ ღრმა უკმაყოფილებას და გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ მოხდეს თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა“ - აცხადებენ უხუცესთა საბჭოში.